აჭარა (ბათუმი, ქობულეთი)
აჭარა - საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი და უძველესი ისტორიული კუთხეა. იგი მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ - დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროზე. სამხრეთის საზღვარი ემთხვევა თურქეთის სახელმწიფო საზღვარს და გასდევს ჭანეთისა და შავშეთის ქედებს, აღმოსავლეთით ესაზღვრება არსიანის ქედს და მის განშტოებას.
ფართობი შეადგენს 2,9 ათას კვადრატულ კილომეტრს, რაც საქართველოს ტერიტორიის 4,2 პროცენტია. მოსახლეობა 400 ათასზე მეტი. იგი ავტონომიური რესპუბლიკაა საქართველოს შემადგენლობაში. დედაქალაქია ბათუმი. მასში გაერთიანებულია 5 ადმინისტრაციული რაიონი: ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო და ქალაქი ბათუმი.
ტერიტორიის უმეტესი ნაწილი უჭირავს მთებს, მთისწინეთს და ღრმა ხეობებს. ზღვისპირა ფართობი - ქობულეთისა და კახაბრის ვაკე - დაბლობებს, ხოლო მესხეთის, შავშეთისა და არსიანის ქედებს შორის განლაგებულია აჭარის ქვაბული.
ზღვისპირა ვაკე - დაბლობებზე ჭარბი, ნოტიო, სუბტროპიკული ჰავაა, იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. მაღალმთიანეთში ნოტიო ჰავაა, ზამთარი ზომიერად ცივი, ზაფხული მოკლე და თბილია. სანაპირო ზოლში ზაფხულის საშუალო ტემპერატურა 28 გრადუსია, ზღვის წყლის ტემპერატურა კი 23-24.
კურორტი ბათუმი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე 135 ათასზე მეტი მცხოვრებით, მნიშვნელოვანი სატრანსპორტო, ტურისტული და კულტურული ცენტრია. ქალაქს ემსახურება აეროპორტი, საზღვაო, სარკინიგზო და ავტოსადგურები. ბათუმის მშვენებას წარმოადგენს შავი ზღვისპირეთის ერთ-ერთი ულამაზესი დასვენებისა და კულტურის ზღვისპირა პარკი - ფერადი მუსიკალური შადრევნით, საჩოგბურთო კორტებით, საზაფხულო კაფე-ბარებით. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განლაგებულია სასტუმროები.
კურორტი ~მწვანე კონცხი” წარმოადგენს აჭარის მარგალიტს. აქ გაშენებულია მსოფლიოს ერთ-ერთი უნიკალური ბათუმის ბოტანიკური ბაღი, რომელსაც განცვიფრებაში მოჰყავს დამსვენებელი და თითქმის მთელი დღე დატვირთულია ტურისტებით. აქ ყველა პირობაა ზღვაზე და ბუნებაში დასვენებისათვის.
კურორტი ციხისძირი მდებარეობს ბათუმის ჩრდილოეთით მე-19 კმ -ზე, გაშენებულია ციხისძირის მაღლობზე, რომლის კალთები ციცაბოდ ეშვებიან ზღვაში და ქმნიან კონცხს, რომელიც პლაჟს ყოფს ორად: სამხრეთად (პლაჟი საკმაოდ ფართო ქვიშიანია, მზე ხანგრძლივად დაჰნათის, სანაპირო ღრმაა) და ჩრდილოეთად (პლაჟზე ნაპირები თხელია და ბანაობა ყველასათვის მისაწვდომია). კურორტი ზღვიდან 60-90 მეტრ სიმაღლეზეა გაშენებული, მის მიდამოებში მდებარეობს უძველესი, მე -6 საუკუნეში აშენებული ~პეტრა - ქაჯეთის” ციხე. კურორტის მთავარი ფაქტორია ზღვისა და მზის აბაზანები.
კურორტი ქობულეთი მდებარეობს შავი ზღვის ნაპირას, ბათუმის ჩრდილო-დასავლეთით, ზღვის დონიდან 5 მეტრ სიმაღლეზე. ქობულეთის მშვენებას წარმოადგენს წვრილ-ქვიშიანი ზღვისპირა პარკი. დამახასიათებელია მზის უხვი რადიაცია, რომელიც კარგ პირობებს ქმნის ჰელიოთერაპიისათვის.
კურორტი ბეშუმი მთის კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტია, მდებარეობს ზღვის დონიდან 1830 მეტრზე, გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე. მთავარი სამკურნალო ფაქტორია ჰაერის გამჭირვალობა და უმნიშვნელო ტენიანობა, მზის ულტრაიისფერი სხივების სიუხვე, კარგი სასმელი და მინერალური წყლები.