სამეგრელო (ფოთი, სენაკი, ზუგდიდი)
სამეგრელოს რეგიონი მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე. იგი ორი ისტორიულ- გეოგრაფიული პროვინციისგან - სამეგრელოსა და ზემო სვანეთისგან შედგება.
სამეგრელოში ვხვდებით ყველა სახის ლანდშაფტს, რომელიც დამახასიათებელია დასავლეთ საქართველოსთვის: კოლხეთის ტენიანი სუბტროპიკული, კოლხური მთის ტყის, კავკასიის საშუალო მთის მუქწვივოვანი ტყის და მაღალი მთის სუბალპური და ალპური ლანდშაფტები.
მრავალფეროვანია სამეგრელოს - ჰავაც. მის დაბლობ ნაწილში იგი ნოტიო სუბტროპიკულია. აქ იანვრის საშუალო ტემპერატურაა +4 +6°ც, ზაფხული კი ცხელია (+22 +23°ც). ნალექები (1500-2000 მმ) წლის განმავლობაში თითქმის თანაბრადაა განაწილებული. შედარებით მცირე ნალექი მოდის მაისში.
სამგრელოს ბუნება მრავალ უნიკალურ მოვლენას და ძეგლს მოიცავს გარდა სამეგრელოს უნიკალური ბუნებისა, ამ მხარეს გააჩნია თავისებური კოლორიტი – სტუმართმასპინძლობა, გემრიელი და უნიკალური კერძები, განუმეორებელი სიმღერები და მრ. სხვ.
საქართველოსთვის კოლხეთი უბრალო გეოგრაფიული ადგილი არ არის. კოლხიდა, ეგრისი, ლაზიკა - სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ხალხის მატიანეებში მოხსენიებული ტერიტორია, ქართული კულტურისა და სახელმწიფოებრიობის აკვანი. კოლხეთის სამეფო მდებარეობდა სამხრეთ-დასავლეთ კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, დღევანდელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. აქ კი მდინარე რიონ - ფაზისის ერთ - ერთი შენაკადის, ტეხურის ნაპირას, სოფელ ნოქალაქევში მდებარეობდა კოლხეთის სამეფოს ერთ - ერთი უმსხვილესი ცენტრი. ძვ. წ. აღ-ის IV ს-ის მიწურულიდან ეგრისის ერისთავის ქუჯის რეზიდენცია - ციხე - გოჯი.
ახ. წ. აღ-ის I საუკუნიდან ჩამოყალიბდა საქართველოში ერთ - ერთი პირველი სახელმწიფო გაერთიანება ეგრისი (ლაზიკა), რომლის დედაქალაქი ნოქალაქევი (არქეოპოლისი, ციხე - გოჯი) უდიდეს ინტერესს იმსახურებს თავისი ქალაქგეგმარებითი სტრუქტურით, დაცვის სისტემით, აბანოთა ქსელით, წყალგაყვანილობა-კანალიზაციის მოწყობის თვალსაზრისით, საკულტო ნაგებობებითა და ა. შ.