კახეთი (თელავი, სიღნაღი, ომალო)
კახეთი ერთ - ერთი დიდი რეგიონია საქართველოს ფარგლებში. იგი ადმინისტრაციულად მოიცავს როგორც კახეთს, ასევე ისტორიულ კუთხეს – თუშეთს. კახეთში წარმოდგენილია ჰავისა და ლანდშაფტის მრავალფეროვნება, აქ გვხვდება როგორც სუბტროპიკული, ისე სტეპური ბუნება. საშუალო ტემპერატურა ზამთარში +1.4° ც, ხოლო ზაფხულში+23…+25° ც-ია.
კახეთის ბუნება მეტად მრავალფეროვანია, რეგიონის მასშტაბით გვხვდება ნახევრადუდაბნო, მარადმწვანე ტყეები და სუბალპური მცენარეული საფარიც კი. ყველაზე დაბალი ადგილი ელდარის ვაკეა 90-150 მ. ზღ. დ., ხოლო უმაღლესი თებულოს მთა - 4493 მ. თუშეთის საშუალო სიმაღლე – 1880 მ.
კახეთი ცნობილია კულტურულ ძეგლთა სიმრავლით. არაერთი ეკლესია - მონასტერი თუ ციხესიმაგრე იპყრობს ტურისტებისა და ექსკურსანტების ყურადღებას.
კახეთის გამორჩეულად ცნობილი კულტურული ძეგლებია: ნინოწმინდა, ბოდბე, ხორნაბუჯი, უჯარმა, სიღნაღი, გურჯაანის ყველაწმინდა, ალავერი, ახალი და ძველი შუამთა, იყალთო, გრემი, ნეკრესი...
თითოეული ეკლესია - მონასტერი ძველი ტრადიციის მატარებელია, დღემდე მოქმედებს მათი სახელობითი დღესასწაულები. ეს კი საუკეთესო ფაქტორია მომლოცველთა ან უბრალოდ კულტურული ტურიზმით დაინტერესებულთათვის მხარეს დიდი პოტენციალი აქვს ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. კახეთის მეღვინეობის ისტორია ჩვ. წ. აღ-მდე III-II საუკუნეში იწყება და დღემდე მხარის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს დარგს წარმოადგენს.
საქართველოს ღვინის ქარხნები უმეტესად კახეთშია კონცენტრირებული. აქაურ ქარხნებში ტურისტებს სხავადასხვა სერვისს სთავაზობენ: აცნობენ საწარმო პროცესს, ატარებენ ღვინის დეგუსტაციას, აცნობენ ქართულ ტრადიციებს სპეციალურად მოწყობილ ეთნოგრაფიულ კუთხეებში. ღვინის დაგემოვნება შესაძლებელია ტრადიციულ ქართულ ოჯახებშიც, სადაც ტურისტს შეუძლია ძველ ან ძველ სტილში აგებულ მარნებში კახური ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო დააგემოვნოს და ასევე გასინჯოს ქართული სამზარეულოს კერძები (ხშირად ხალხური სიმღერების ფონზე).კახეთში ყოველწლიურად იმართება ღვინის ფესტივალი.
კახეთის ტერიტორიაზე ექვსი დაცული ტერიტორიაა – ბაწარას, ბაბანეულის, მარიამჯვრისა და ვაშლოვანის ნაკრძალები, თუშეთისა და ლაგოდეხის ეროვნული პარკები. თითოეული მათგანი ბუნების მოყვარულთ საოცარ ბუნების ძეგლებს სთავაზობს.
კახეთის რელიეფი და საინტერესო ხეობები, კარგი ფაქტორია ჯიპ ტურების განსახორციელებლად.